image2 image1 image3 image4 image5 image5

ნუ დაზოგავთ დროს ჯანმრთელობის ხარჯზე|ჩვენ ის ვართ, რითიც ვიკვებებით|ნუ ებრძვი საკუთარ სხეულს, - შეიყვარე ის!|რომ მიაღწიო, უნდა დაიჯერო

კვება დიდ ქალაქში


გადატვირთული დღის განრიგი, ერდთდროულად გადასაჭრელი რამდენიმე საკითხი, შესაბამისად დროის უქონლობა და მუდმივი სტრესი… - ეს თანამედროვე მსოფლიოს დიდ ქალაქებში საქმიანი ადამიანების ჩვეული მდგომარეობაა და მას პრობლემად უკვე აღარავინ აღვიქვამთ.
მსგავსი ცხოვრების სტილი თავის თავში ბევრ გართულებას რომ გულისხმობს, ამას შეგნებულად ვივიწყებთ და დროც გადის… - დრო, რომელიც ოდესმე აუცილებლად შეგვახსენებს თავს და პასუხს მოგვთხოვს იმის გამო, რომ წლების წინ, მაგალითად, ჯანსაღ კვებაზე საერთოდ არ გვიფიქრია.

თუმცა რა ალტერნატივა აქვს დღეს საქმიან ადამიანს, რომელსაც კვებაზე ფიქრის დრო ბუნებრივად არ რჩება; რომლისთვისაც შიმშილის მაქსიმალურად სწრაფი დაკმაყოფილებისთვის ყველაზე მარტივი გამოსავალი ოფისის სიახლოვეს მდებარე სწრაფი კვების ობიექტია?  

ჩემი არც თუ ისე რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი რჩევები დაგეხმარებათ, შეინარჩუნოთ მხნეობა, შრომისუნარიანობა და რაც მთავარია, ჯანმრთელობა - ჩვენი შეუფასებელი რესურსი.

1. წყალი - სიცოცხლის საწყისი!

ოფისში კანის გამოშრობის სერიოზული საფრთხეა. - სივრცეში, სადაც უამრავი ტექნიკაა, წყალი #1 ადგილზე უნდა იყოს. ასეთ დროს ზრდასრულმა ადამიანმა, საშუალოდ, 2 ლიტრი წყალი უნდა მიიღოს. 
აქცენტი - დღის პირველ ნახევარზე! 
ამ მარტივი წესის დაცვით დაღლილობის სინდრომს მოიხსნით, კანის პრობლემებს დაემშვიდოებებით და ასაკში შესულნი ჯანმრთელობის მხრივ ბევრ გართულებას აიცილებთ თავიდან.

2. სამჯერადი კვება - მადასთან ბრძოლის მთავარი იარაღი!
ცნობილია, რომ თუკი ადამიანი დღის განმავლობაში თანაბრად ანაწილებს საკვებს, მას ღამე მადასთან ბრძოლა აღარ უწევს.   ამიტომ გაითვალისწინეთ, რაც არ უნდა დატვირთულნი იყოთ, სამჯერადი კვებისთვის დრო აუცილებლად გამონახეთ. საამისოდ კვების დროს მხოლოდ 15 წუთი უნდა დაუთმოთ საკუთარ თავს. - დილას ნოყიერი საუზმე, შემდეგ მცირე ხემსი რძის ნაწარმით ან ხილით, შუადღისას ჯანსაღი სადილი და მერწმუნეთ, სამსახურიდან შინ დაბრუნებულს მსუბუქი ვახშამიც დაგაკმაყოფილებთ.

3. საუზმე თქვენთვის დაიტოვეთ, სადილი მეგობრებს უწილადეთ, ვახშამი კი მტერს…
ეს უძველესი გამოთქმაა, რომელსაც ნამდვილად აქვს საფუძველი მაშინაც კი თუკი სპეციალურ დიეტას არ იცავთ და არც წონაში კლება თუ მომატება გსურთ. უბრალოდ, ჩვევად გაიხადეთ, რომ ცომეული, ტკბილეული და საერთოდ, ცხიმიანი და კალორიული საკვები დღის პირველ ნახევარში მიიღოთ - სადილზე ან საუზმეზე. აი ვახშამი კი აუცილებლად მსუბუქი უნდა იყოს.

4. კუჭის დღესასწაული
კვირაში ერთი დღე (სავარაუოდოდ, შაბათი ან კვირა) შეგიძლიათ სადილზე ან ვახშმზე მიირთვათ სწორედ ის კერძი, რომელიც ყველაზე მეტად გიყვართ. ეს ერთგვარი “კუჭის დღესასწაულია”, რომელსაც დიდი ფსიქოლოგიური დატვირთვა აქვს. - ამით თავს დაირწმუნებთ, რომ ჩარჩოებში არ ხართ მოქცეულნი და კვირაში ერთხელ შეგიძლიათ მიირთვათ ის, რაც ნამდვილად გსურთ. “კუჭის დღესასწაულზე” დასაშვებია ალკოჰოლიც - მხოლოდ ზომიერად! 

5. მოიწესრიგეთ ძილის რეჟიმი!
უძილობა ხშირად მადის გაძლიერებას, წონის კლების შენელებას და ნივთიერებათა ცვლის დათრგუნვას იწვევს. ასეთ დროს ადამიანი უამრავ ჩაის, ყავას და ტკბილეულს იღებს. დამტკიცებულია, რომ ე.წ. ზრდის ჰორმონი ღამის 11:00-დან 00:00 სთ-მდე, მხოლოდ ძილში გამოიყოფა, - სწორედ ამ პერიოდში, მხოლოდ ძილის დროს არეგულირებს ის ნივთიერებათა ცვლის პროცესს. ამიტომაც ამ დროს ძილი განსაკუთრებით სასურველია მათთვის, რომელთაც წონის კლება სურთ.
მესმის, რომ კლასიკური ღამურებისთვის ეს რჩევა მიუღებელია, მაგრამ ფაქტია, მოწესრიგებული ძილის რეჟიმი ჯანმრთელობის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. 

6. მიეჩვიეთ მოკრძალებულ პორციებს!
კუჭი კუნთოვანი ორგანოა. ის თავისუფლად შეიძლება მიეჩვიოს მოზრდილ ულუფებს და შემდეგ მცირედმა საკვებმა ვეღარ დააკმაყოფილოს. თუკი ჩვენს ორგანიზმს საკვების ზომიერ პორციას მივაჩვევთ (მე მას “რესტორნის პორციას ვეძახი”), მაშინ მცირე ულუფაც იოლად დაგვანაყრებს.   
გაფრთხილებთ, კვების დროს არავითარ შემთხვევაში არ გადაიტვირთოთ გონება მოსაგვარებელ საქმეებზე, პრობლემურ საკითხებზე ფიქრით. - კვების პროცესი უნდა იყოს ნელი და დროში გაჭიმული. არ დაივიწყოთ ნელი ღეჭვის წესი და მისი დადებითი მხარეები. თუკი 2-3 კგ ზედმეტ წონას ებრძვით, ამ მარტივი რჩევის გათვალისწინებით, მას იოლად გაუმკლავდებით.    
- დაიხსომეთ, კვების ამგვარი, 15-წუთიანი რიტუალით კუჭ-ნაწლავსაც დაიცავთ და ფორმასაც შეინარჩუნებთ.

7. დაივიწყეთ სწრაფი კვება და გენმოდიფიცირებული პროდუქტი!
ჩემი დამოკიდებულება სწრაფი კვებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტების მიმართ მკვეთრად უარყოფითია.
ბიო პროდუქტი გაცილებით მარტივად ანაყრებს და ის უფრო მეტ ენერგიას ჰმატებს ადამიანს. სწრაფი კვების ობიექტში დამზადებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის მიღებიდან ნახევარ საათში კი ისევ გშია, ისევ გაუგებრად მოთენთილი ხარ…
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უკვე დაწყებულია მასთან ბრძოლის აქტიური კამპანია. მაგალითად, აშშ-ში უკვე სახელმწიფო დონეზეა აყვანილი ეს საკითხი. პირველი ლედი აქტიურადაა ჩართული ამ პროცესში და მოსახლეობას მოუწოდებს, არ შევიდნენ სწრაფი კვების იმ ობიექტებში, სადაც გენოდიფიცირებული პროდუქტი იყიდება.
სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ აშშ-ში მოსახლეობამ მხოლოდ იმით მოიკლო წონაში, რომ ბიო პროდუქტებით კვებაზე გადავიდა.
იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი ჩვენთანაც მალე მოგვარდება. მით უმეტეს ჩვენს ქვეყანაში ბიო პროდუქციის მისაღებად ყველა პირობა არსებობს და თან ის არც თუ ისე ძვირი ჯდება, როგორც ეს ჩვენ წარმოგვიდგენია. 

გაზიარება:

CONVERSATION

0 comments:

Post a Comment