image2 image1 image3 image4 image5 image5

ნუ დაზოგავთ დროს ჯანმრთელობის ხარჯზე|ჩვენ ის ვართ, რითიც ვიკვებებით|ნუ ებრძვი საკუთარ სხეულს, - შეიყვარე ის!|რომ მიაღწიო, უნდა დაიჯერო

რომ მიაღწიო, უნდა დაიჯერო

არასოდეს ვავრცელებ ჩემი პაციენტების ფოტოებს, სათაურებით - „დიეტამდე“ და „დიეტის შემდეგ“. - ეს ჩემთვის სრულიად არაეთიკური და გაუმართლებელია. თუმცა თითოეულ მათგანთან მუშაობის ისტორია გონებაში საგულდაგულოდ მაქვს შენახული, რადგან სწორედ ეს გამოცდილება მძენს მუშაობის ხალისს და დაღლილობას პროფესიული აზარტით მინაცვლებს.  

დღეს ჩემი განსაკუთრებული მოტივატორების შესახებ მინდა გიამბოთ. გაგიკვირდებათ და ეს იმ ადამიანების კატეგორიაა, რომლებთანაც ყველაზე მეტად მიჭირს მუშაობა.

...დილა გვიან და სტრესით იწყება. - გვიან, რადგან გამოძინება ვერ მოასწარი; სტრესი კი იმიტომ, რომ სამსახურში უკვე აგვიანებ. თუმცა სამსახურამდე ოჯახის წევრები უნდა გააღვიძო, მოუარო, ასაუზმო... პარალელურად საქმეზე ფიქრობ, დღის განრიგს აწყობ, მაგრამ ერთ დღეში ამდენის ჩატევას ვერ ახერხებ... - ეს შენი - საქმიანი ქალის - ყოველდღიურობაა. წლების განმავლობაში თითქოს ჩაკეტილ წრეში ტრიალებ და მის გარღვევას ვერა და ვერ აღწევ. ბოლოს ბედს ეგუები, რადგან ფიქრობ, რომ ცვლილებებისთვის ძალა აღარ გეყოფა. დრო გადის, ეს ყველაფერი ჯანმრთელობაზე, გარეგნობაზე აისახება. მერე კი ატყობ, რომ სარკეში ჩახედვას გაურბი, საკუთარ ანარეკლს თვალს არიდებ, ჩაკეტილი წრის ფერხულში უხალისოდ, მაგრამ მთელი ძალით კვლავ ებმები და ვინ იცის, როდის მოინდომებ, დაიბრუნო საკუთარი „მე“, რომელიც ამ ხნის განმავლობაში სადღაც, თვალსა და ხელს შუა დაგიკარგავს...

- ჩემი კარიერის განმავლობაში ბევრი ასეთი ქალბატონი შემხვედრია. - ადამიანები, რომლებიც თავიანთ შესაძლებლობებში სრულებით არ იყვნენ დარწმუნებულნი; არ სჯეროდათ, რომ შეეძლოთ არსებული არც თუ სასიამოვნო რეალობა უკეთესობისკენ შეეცვალათ; ვერ წარმოედგინათ, როგორ უნდა დაეძლიათ ჭარბი წონის პრობლემა და დაებრუნებინათ ძველი და სანატრელი ფორმა.  მათთან მუშაობა ძალიან რთულია, რადგან თუ არ დაიჯერე, რომ ყველაფერს შეძლებ, ვერაფერს მიაღწევ. ასეთ დროს ყოველგვარი დიეტა ფუჭი დროის ხარჯვაა და მეტი არაფერი. მაგრამ ამავე დროს, ამგვარ პაციენტებთან მუშაობა, მათი დახმარება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია; მათი წარმატება კი უზარმაზარი მოტივაცია.

სწორედ ასეთი ადამიანების დასახმარებლად და მათ წასახალისებლად დავთანხმდი ეკა ხოფერიას, ჟურნალი „სითის“ კამპანიაში ნუტრიციოლოგის სტატუსით მიმეღო მონაწილეობა.  

მათ, ვინც არ იცის, ვეტყვი, რომ ჟურნალის გუნდმა ერთგვარი კამპანია  წამოიწყო - გახდი სითისთან ერთად; მოიძია ქალბატონები, რომლებმაც გადაწყვიტეს, თავიანთი ცხოვრება შეცვალონ. კომპლექსური მიდგომით - სწორი კვებით, ვარჯიშით, მასაჟით - ისინი ძველ და სასურველ ფორმას უბრუნდებიან და ამით სხვებსაც შესანიშნავ მაგალითს აძლევენ. 

პროექტი სულ ახლახან დაიწყო. ჩემს გუნდში 6 მშვენიერი, სიცოცხლით სავსე და მოტივირებული ქალბატონია. თითოეულ მათგანს თავისი ისტორია აქვს, რომელშიც შესაძლოა ნებისმიერმა საკუთარი თავი ამოიცნოს. ამიტომ მგონია, რომ მათი ძალისმევა, გახდნენ უკეთესები, სხვებსაც აუცილებლად დაეხმარება. 

მაგრამ უპირველესი მაინც ისაა, რომ დაიჯერო - დაიჯერო საკუთარი თავისა და შესაძლებლობების. 
შემდეგ კი უბრალოდ უნდა ადგე და თამამად ჩაიხედო სარკეში; ყურადღებით დააკვირდე საკუთარ გამოსახულებას; თითოეული დეტალი კრიტიკული თვალით შეაფასო და გულწრფელად აღიარო ის, რასაც ხედავ; რაც არ მოგწონს; რასაც შეცვლიდი.

მხოლოდ ამის შემდეგ ხარ მზად მოქმედებისთვის.

მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია ნუტრიციოლოგს, დაგეხმაროს.  

გაზიარება:

CONVERSATION

0 comments:

Post a Comment