image2 image1 image3 image4 image5 image5

ნუ დაზოგავთ დროს ჯანმრთელობის ხარჯზე|ჩვენ ის ვართ, რითიც ვიკვებებით|ნუ ებრძვი საკუთარ სხეულს, - შეიყვარე ის!|რომ მიაღწიო, უნდა დაიჯერო

ნუ დაზოგავთ დროს ჯანმრთელობის ხარჯზე

ცოცხალი პროდუქტის სიკეთეები და მზა პროდუქტის საფრთხე


ხშირად მხვდებიან ადამიანები, რომლებსაც ძალიან ცოტა თავისუფალი დრო და ამავე დროს, ჯანსაღი კვების დიდი სურვილი აქვთ.
იმის მიუხედავად, რომ მუდმივად მოუცლებები არიან, ცდილობენ კვების ხარისხს ეს არ დაეტყოს და საამისოდ მარტივი გამოსავალიც ნაპოვნი აქვთ.
თითქოს, მართლაც მარტივია - შეირბენ რომელიმე ძვირადღირებული პროდუქტებით სავსე მაღაზიაში; დახლიდან დიეტურ მზა პროდუქტს (ყველაზე ძვირადღირებულს) ნაჩქარევად შეარჩევ ისე, რომ შეფუთვაზე საკვების შემადგენლობას არც დაუკვირდები და პრობლემა წამში გადაჭრილია. - ერთი შეხედვით, არ დაზოგე თანხა, სამაგიეროდ დაზოგე დრო და ჯანმრთელობა.

მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით...

სინამდვილეში, თუ დავფიქრდებით, მარტივი მისახვედრია და სულაც არ სჭირდება ნუტრიციოლოგიაში დიდი განათლება, რომ ის, რაც ბუნებრივად შექმნილი და ცოცხალია, უფრო სასარგებლო და ჯანსაღია, ვიდრე ხელოვნურად გამოყვანილი, სრულიად გაუგებარი ნივთიერებებით გაჯერებული მზა პროდუქტი, რომელიც თვეობით და წლობითაც კი ინახება
იაპონელებიც კი, რომლებმაც ნუტრიციოლოგიაში წარმოუდგენელ წარმატებებს მიაღწიეს მიიჩნევენ, რომ მზა პროდუქტი ჯანმრთელობისთვის მიზანშეწონილი არ არის.


რეკლამა რეკლამად...


- მოდი, ავიღოთ ვაშლი და იგივე ნივთიერებების შემცველი თუნდაც უმაღლესი ხარისხის მზა პროდუქტი:
- ცოცხალი ვაშლის მირთმევისას, თუ ორგანიზმი პრაქტიკულად ჯანმრთელია, მასში შემავალი ყველა სასარგებლო ნივთიერება სრულად და ეფექტურად შეიწოვება ორგანიზმში.   
ვაშლისგან ახლადგამოწურული წვენი (ფრეში),  ჯანსაღი და სასარგებლოა, მაგრამ უფრო ღარიბია ვიტამინებით და მიკროელემენტებით, ვიდრე ცოცხალი ვაშლი.  
გაცილებით ნაკლებ ეფექტურია ტაბლეტირებული ფორმით იმ მიკროელემენტების და ვიტამინების  მიღება, რასაც ვაშლი შეიცავს. 
ყოველივე ამის შემდეგ ბევრი ფიქრი არც სჭირდება იმას, რომ მზა პროდუქტი, მაგალითად, ვაშლის წვენი ან ხილფაფა, რომელიც თვეობით ინახება, შეუძლებელია ისეთივე სასარგებლო და ეფექტური იყოს, როგორც ცოცხალი პროდუქტი.

- ასევეა იოგურტი, შოკოლადის მუსი ან მაგალითად, ხაჭოს და შოკოლადის დესერტი:
ეს ფართოდ რეკლამირებული და პოპულარული მზა პროდუქტებია, რომლებიც ბევრს უყვარს და ასევე ბევრს მიაჩნია, რომ ჯანსაღი საკვებია. მათ შეფუთვაზე ვკითხულობთ, რომ  შენახვის ვადა 30 დღეა. არადა შეუძლებელია, რძიდან და კვერცხიდან შემდგარი პროდუქტი 30 დღის განმავლობაში ნატურალურად ინახებოდეს.
- მაშ, რის ხარჯზე ინახება ამგვარი მზა პროდუქტი?
- რა თვისებები აქვთ იმ ემულგატორებსა ( საგნებზე აღნიშნავენ E სიმბოლოთიდა შემასქელებლებს, რომლებსაც ასეთი საკვები შეიცავს?
- რა საფრთხის წინაშე შეიძლება დადგეს ჩვენი ჯანმრთელობა, თუკი მუდმივად მივიღებთ მათ?

მსგავსი პროდუქტის უმეტესობა შეიცავს ცხიმგამოცლილ რძეს, მაგრამ ამავე დროს დამატებული აქვთ მშრალი ნაღები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჯერ რძეს ხელოვნურად ვაცლით ცხიმს, ხოლო შემდეგ ისევ ხელოვნურად ვუმატებთ მშრალ ნაღებს და პროდუქტს კვლავ ვაცხიმიანებთ.  სამაგიეროდ, დიეტის მოყვარულთათვის პროდუქტი მიმზიდველია, ანოტაციის დასაწყისში აწერია, რომ შეიცავს უცხიმო რძეს!..

ამგვარი დესერტები შეიცავენ კონცენტრატებს და შემასქელებლებს (როგორიცაა პექტინი და მოდიფიცირებული სახამებელი),  შაქრის სიროფს, ხილის არომატიზატორებს,  რაც ასევე ხელოვნური პროდუქტია; ასევე კვებით საღებავებს, მჟავიანობის რეგულატორს, რომელთა მიღებაც ალერგიული ადამიანებისთვის უდავოდ სარისკოა.  მსგავს პროდუქტს კი ალერგოლოგები და ნუტრიციოლოგები რეკომენდაციას კატეგორიულად არ ვუწევთ, რადგან უცნობია, საბოლოოდ რა ცვლილებებს გამოიწვევს ის ორგანიზმში.  
არადა თუკი ამგვარი დესერტის ნაცვლად ავიღებთ ნატურალურ სოფლის მაწონს (ტრადიციული რეცეპტით მომზადებულს), სახლში დამზადებულ  მურაბას ან ჯემს და მათ ერთმანეთში შევურევთ, მივიღებთ იგივე გემოს, იგივე კალორიებს და რაც მთავარია, რაფინირებული პროდუქტის ნაცვლად, ჯანსაღ, სრულფასოვან და სასარგებლო საკვებს.


ამიტომაც, ყველა შემთხვევაში რეკომენდაციას ცოცხალ პროდუქტს ვუწევ. ჩემს პაციენტებსაც ყოველთვის ვურჩევ, აირჩიონ სწორედ ვაშლი და არა თვეების  წინ დამზადებული ვაშლის წვენი, რომელთა ფერად და მიმზიდველ შეფუთვაზე მითითებულ შემადგენლობაში ვაშლი მხოლოდ 20 ან 30 %-ია, დანარჩენი კი გაუგებარ დანამატებს ეთმობა. 


ჩვენ ის ვართ, რითიც ვიკვებებით


ვფიქრობ, ადამიანები ხშირად ბოლომდე ვერ ვიაზრებთ, რამდენად მნიშვნელოვანი და გადამწყვეტიც კია ჩვენთვის საკვები; რამხელა გავლენის მოხდენა შეუძლია მას ჩვენს ჯანმრთელობაზე და ცხოვრების წესზე.
არადა ჩვენი დღიური საკვების თითოეული ულუფა ჩვენი ორგანიზმის საშენი მასალაა და ის საბოლოოდ ჩვენი შემადგენელი ნაწილი ხდება. 
უფრო მარტივად რომ ვთქვა, ის, რასაც დღეს მივირთმევთ, რამდენიმე წელიწადში გადამუშავებული სახით, ჩვენივე ღვიძლის ქსოვილად იქცევა. 
კიდევ უფრო მარტივად კი ჩვენ სწორედ ის ვართ, რითიც ვიკვებებით.

ამიტომაც ჩემს პაციენტებს და მკითხველსაც გირჩევთ, გაითვალისწინეთ ორი წესი:
  1.  ნუ დაზოგავთ დროს ჯანმრთელობის ხარჯზე;
  2. იკვებეთ ნატურალური, სწორად დამუშავებული ან ცოცხალი  პროდუქტით - ეს სასიცოცხლო ენერგიის ნამდვილი წყაროა, რაც შემდგომ შრომისუნარიანობის და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

კონსერვანტების გარეშე ცხოვრება გაცილებით საამურია:)



ჩემს პაციენტებს შორის არიან ისეთები, რომლებსაც აქვთ მატერიალური შესაძლებლობა, პერიოდულად ინდოეთში გაემგზავრონ და იქ ტრადიციული მეთოდებით შექმნილი ჯანსაღი კვების თერაპიის კურსი გაიარონ. - ამით ადამიანები ორგანიზმს სრულიად ბუნებრივი, ეკოლოგიურად სუფთა და დაუმუშავებული პროდუქტების მიღებით იდეალურ განტვირთვას უწყობენ.
მათივე მონათხრობის მიხედვით, კურსის დასრულების შემდეგ თითქოს, მეორე სუნთქვა იხსნება, ადამიანები ზღვა ენერგიას და სიცოცხლის ხალისს გრძნობენ და ისეთი შეგრძნება ეუფლებათ, თითქოს ხელახლა დაიბადნენ...
- და ეს აბსოლუტურად რეალურია. ჯანსაღ, ყოველგვარი მავნე დანამატების გარეშე კვებას ამ შეგრძნებების გამოწვევა ნამდვილად შეუძლია. სწორედ ასეთ დროს ხვდები, რომ კონსერვანტების გარეშე ცხოვრება მართლაც გაცილებით საამურია.

თუმცა არ იფიქროთ, ეს მხოლოდ მათთვისაა, რომლებსაც ინდოეთში ძვირადღირებული თერაპიის გავლა შეუძლიათ.
- სულაც არა!
- თუკი მოინდომებთ, საქართველოში ნამდვილად არის იმის საშუალება, რომ ჯანსაღი საკვები მიიღოთ. მხოლოდ თბილისის შემოგარენში იმდენი სოფელია, სადაც ყველა ოჯახში შეგიძლიათ ნატურალური სოფლის პროდუქტი შეიძინოთ!  - რძის ნაწარმიც, ხილიც, ბოსტნეულიც,  ბურღულეულიც...  

ამიტომ ჩემი, როგორც ნუტრიციოლოგის რეკომენდაციაა, ნუ გაგიტაცებთ მხოლოდ წონის დაკლების ჟინი, დროის მუდმივად დაზოგვის სურვილი და მას ყველაზე ძვირფასს - საკუთარ ჯანმრთელობას ნუ შესწირავთ.

გირჩევთ, უპირატესობა მიანიჭოთ ცოცხალ საკვებს და არა ემულგატორებით, კონსერვანტებით, საღებავებითა და სტაბილიზატორებით გაჯერებულ მზა პროდუქტს, რომლებიც თვეების განმავლობაში უამრავ გზას გადის იმისთვის, რომ საბოლოოდ თქვენს ორგანიზმში აღმოჩნდეს. 


გაზიარება:

CONVERSATION

0 comments:

Post a Comment