image2 image1 image3 image4 image5 image5

ნუ დაზოგავთ დროს ჯანმრთელობის ხარჯზე|ჩვენ ის ვართ, რითიც ვიკვებებით|ნუ ებრძვი საკუთარ სხეულს, - შეიყვარე ის!|რომ მიაღწიო, უნდა დაიჯერო

დიეტა - ეს არ არის აკრძალვა, ეს თქვენი არჩევანია!

ის, რაც უნდა იცოდეთ, სანამ ნუტრიციოლოგს ეწვევით:

ჩაიხედეთ სარკეში და აღიარეთ, რომ ისე აღარ გამოიყურებით, როგორც უწინ; აღარც ძველი სამოსი გიხდებათ ისე, როგორც რამდენიმე წლის წინ და მტკიცედ გადაწყვიტეთ, რომ დროა, თქვენი ყოველდღიური თავსატეხი - ჭარბი წონა - საბოლოოდ დაამარცხოთ. - მსგავს სიტუაციაში ადამიანები სხვადასხვაგვარად იქცევიან; შემდეგ ზოგი სწრაფად და ეფექტურად აღწევს წარმატებას; ზოგი კი ხანგრძლივი დიეტის მიუხედავად, სასურველ შედეგამდე ვერა და ვერ მიდის; არიან ისეთებიც, რომლებიც ამ პროცესში საკუთარ ჯანმრთელობას სამუდამოდ იზიანებენ.

შევეცდები გაგაცნოთ რამდენიმე ფაქტორი, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, სანამ ნუტრიციოლოგთან ვიზიტს დაგეგმავთ და დიეტის რთულ და ფაქიზ პროცესს შეუდგებით. 

- მოვედი, მოგიტანე ჩემი პრობლემა და ახლა შენ იცი, როგორ მომიგვარებ მას! - არის შემთხვევები, როცა პაციენტი სწორედ ამ განწყობით მომმართავს. თუმცა გარწმუნებთ, რომ უმეტეს შემთხვევაში მსგავსი მიდგომა კრახისთვისაა განწირული.  ასევე უსაფუძვლოა შეკითხვა - რამდენ დღეში რამდენ კილოგრამს დავიკლებ? - მათ, ვისაც ჭარბი წონა გაწუხებთ, გირჩევთ, სანამ სპეციალისტთან ერთად დიეტას დაიწყებდეთ, მოემზადეთ იმისთვის, რომ თქვენს ცხოვრებაში ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. ამიტომ სრულად, მთელი არსებით ჩაერთეთ მასში, გახდით ამ ეტაპის აქტიური თანამონაწილე და ყოველი რეკომენდაცია, რომელსაც ამ პროცესში მიიღებთ, ხალისით შეასრულეთ. ჩათვალეთ, რომ დიეტა - ეს აკრძალვა კი არა, თქვენი არჩევანია. 

ხშირად ვადარებ ხოლმე ქირურგისა და ნუტრიციოლოგის საქმეს, რომ ჩემმა პაციენტებმა მკურნალობის პროცესში საკუთარი როლი და მნიშვნელობა უკეთ დაინახონ. თუკი ქირურგი ოპერაციის განმავლობაში მთლიანად თავის პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული, ნუტრიციოლოგს სასურველი შედეგის მისაღებად აუცილებლად სჭირდება პაციენტის მზაობა და მისი პოზიტიური განწყობა.
დიეტა - ეს თქვენს ცხოვრებაში დადებითი მნიშვნელოვანი ცვლილების პროცესია, რომელსაც ნუტრიციოლოგთან ერთად გადიხართ. 
ამ პროცესიდან წარმატებამდე კი რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ: 

მზაობა: ნუტრიციოლოგის დანიშნულება ანუ დიეტა თქვენი ცხოვრების წესს შეცვლის, ყოველდღიურ რეჟიმს გადააწყობს, დაგჭირდებათ ახალი მიდგომები კვებასთან დაკავშირებით. საამისოდ კი ფსიქოლოგიურად აუცილებლად მომზადებული უნდა იყოთ.

ნდობა: დიეტა, ნუტრიციოლოგი და თქვენ - თუ ამ სამ კომპონენტს შორის დარღვეულია ჰარმონია, არაფერი გამოვა. სპეციალისტს, რომელსაც დასახმარებლად მიმართავთ, აუცილებლად უნდა ენდობოდეთ; უნდა გჯეროდეთ, რომ მისი დანიშნული დიეტა ეფექტურია. წინააღმდეგ შემთხვევაში უშედეგოდ დაკარგავთ დროს და ენერგიას.

გახსნილობა: დიეტის პროცესში უამრავი შეკითხვა შეიძლება გაგიჩნდეთ. არავითარ შემთხვევაში არ შეინახოთ ისინი თქვენთვის. ნუ მოგერიდებათ, ნუტრიციოლოგი თქვენი თანამგზავრია დიეტის პროცესში. ამიტომ მან უმნიშვნელო დეტალებიც კი უნდა იცოდეს. თამამად დაუსვით მას ყველა შეკითხვა, ესაუბრეთ თქვენს შეგრძნებებზე. 

ჩართულობა: დიეტა არაა თქვენი წარმატების მზა რეცეპტი. ის პროცესია, რომელშიც ბოლომდე უნდა იყოთ ჩართული. აუცილებელია იცოდეთ, რას და რატომ აკეთებთ. რა ეტაპების გავლა მოგიწევთ მთელი ამ პროცესის განმავლობაში. მაგალითად, დიეტის დაწყებამდე, პრობლემის სრულყოფილად დასანახად, საჭიროა კონკრეტული ლაბორატორიული კვლევები ჩაიტაროთ. კვლევის შედეგები კი ნუტრიციოლოგთან ერთად დეტალურად განიხილოთ.

თანმიმდევრულობა: ჩათვალეთ, რომ ახალ მნიშვნელოვან პროექტს იწყებთ,  სახელად - დიეტა. ნებისმიერ პროექტს კი დაგეგმვა, ნაბიჯ-ნაბიჯ განხორციელება და მართვა სჭირდება. როგორც უკვე ვთქვით, დიეტა თქვენს ყოველდღიურობას შეცვლის. ამიტომ აუცილებელია, საკუთარი დღის განრიგი ისე დაგეგმოთ, რომ პროცესს ხელი არაფერმა შეუშალოს. 

ჩვევების გამომუშავება: შედეგი, რომელსაც დიეტა მოგვცემს, შენარჩუნება სჭირდება. საამისოდ კი სპეციალისტთან დაუსრულებელი ვიზიტები საჭირო სრულებითაც არ არის. მთავარია, დიეტის განმავლობაში გამოიმუშაოთ სწორი დამოკიდებულება კვების მიმართ; დაკავდეთ სპორტის რომელიმე, თქვენთვის სასურველი სახეობით. უნდა გახსოვდეთ, რომ ზოგადად სიმსუქნისკენ მიდრეკილებას ვერ აღმოფხვრი, თუმცა თუკი ჯანსაღი ცხოვრების წესს აირჩევთ და საჭირო ჩვევებს გამოიმუშავებთ, წონის და მადის  მართვა იოლად და ძალდაუტანებლად შეიძლება.

წონა + ჯანმრთელობა: და ბოლოს, ნუ დაივიწყებთ, რომ კილოგრამები კი არ არის მთავარი, არამედ ის, თუ როგორ გამოიყურები.  ისე არ უნდა გაგვიტაცოს ჭარბ წონასთან ბრძოლამ, რომ ჯანმრთელობა დავიზიანოთ. წონის დაკლება იმიტომ გვსურს, რომ ჯანსაღად და ლამაზად გამოვიყურებოდეთ. ამიტომ აუცილებელია, გავუფრთხილდეთ ჩვენს ორგანიზმს, კანს, კბილებს, თმას, ფრჩხილებს, კუნთოვან ქსოვილებს, რომლებიც არასწორი კვების გამო შეიძლება საგრძნობლად განილიოს. 
პროფესიონალის კონსულტაცია და მის მიერ ინდივიდუალურად დანიშნული დიეტა კი სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი. ის გეხმარებათ, რომ წონის კლება მხოლოდ ზედმეტი ცხიმოვანი ქსოვილის ხარჯზე მოხდეს და თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს საფრთხე არ შეექმნას. 

გაზიარება:

CONVERSATION

0 comments:

Post a Comment