image2 image1 image3 image4 image5 image5

ნუ დაზოგავთ დროს ჯანმრთელობის ხარჯზე|ჩვენ ის ვართ, რითიც ვიკვებებით|ნუ ებრძვი საკუთარ სხეულს, - შეიყვარე ის!|რომ მიაღწიო, უნდა დაიჯერო

ჯანსაღი კვება - ნებისმიერი დაავადების საუკეთესო პრევენცია




ხშირად უკითხავთ ჩემთვის აზრი ინტერნეტში მოძიებული რჩევების შესახებ - რჩევების, რომელიც ჯანსაღ კვებას უკავშირდება; უკითხავთ იმ ზოგად და მასობრივ დიეტებზე, რომლებიც შეიძლება ნებისმიერ, სხვადასხვა პრობლემის მქონე ადამიანს მოერგოს და ასევე უკითხავთ, ინტერნეტის არსებობის მიუხედავად, სადაც საჭირო ინფორმაციის მოძიება სირთულეს არ წარმოადგენს, რატომ არის აუცილებელი, რომ პაციენტმა დასახმარებლად ნუტრიციოლოგს მიმართოს.

ასეთ დროს ვხვდები, რომ ნუტრიციოლოგიის - როგორც მედიცინის დარგის - შესახებ ინფორმირების დონე ჯერ კიდევ მწირია. - წარმოუდგენელია, ვინმემ იკითხოს, რატომ უნდა მიაკითხოს პაციენტმა, მაგალითად, კარდიოლოგს, გასტროენტეროლოგს ან გინეკოლოგს დახმარებისთვის მაშინ, როცა ინტერნეტი ამ  თემებზე  დიდ  ინფორმაციას გვაწვდის.

ყოველი ასეთი შემთხვევის დროს ჩემი პასუხი შემდეგია:

ჩემთან მოსვლით ადამიანი  დროებით არ ემშვიდობება ზედმეტ წონას. ის საკუთარი მადისა და წონის მართვას სწავლობს; საკუთარი სხეულის ენას ფლობს. შესაბამისად, მიღებულ სასურველ შედეგთან ერთად, მიაქვს საჭირო და მისი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის  აუცილებელი ცოდნა, რომელსაც მომავალში, მთელი ცხოვრება გამოიყენებს.

სწორედ დღეს კიდევ ერთი ასეთი შემთხვევა მქონდა.  ამიტომაც გადავწყვიტე, ნუტრიციოლოგიის, როგორც ჩემი პროფესიული არჩევანის შესახებ მომეყოლა. 

მედიცინის შესწავლის პირველივე ეტაპზე ხვდები, რომ საკმაოდ დიდი გამოწვევის წინაშე დააყენე საკუთარი თავი. ეს ის სფეროა, რომელიც მუდმივად მოითხოვს სწავლას. დიდია პასუხისმგებლობის ხარისხიც. მუდმივად უნდა ეცნობოდე ახალ კვლევებს, მიდგომებს. ფეხდაფეხ უნდა მიჰყვე ამ დარგში მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც სწრაფად ვითარდება.

შეიძლება თამამად ითქვას, რომ მედიცინა პროფესიონალებს მოდუნების საშუალებას არასოდეს აძლევს. ამასთანავე აუცილებელია პრაქტიკაც.  - მუშაობის ყოველი დღე, თითოეულ პაციენტთან გატარებული ყოველი საათი რაღაც ახალ, გასხვავებულ და მნიშვნელოვან ცოდნას მაძლევს. რაც მთავარია, ის განცდა, რომ ვიღაცას ვეხმარები, მერწმუნეთ, დიდი ენერგიით და სიხარულით მაცსებს. ეს ისაა, რაც აბალანსებს ხანგრძლივ, ყოველდღიურ შრომას მთელი ამდენი წლის განმავლობაში.

რაც შეეხება საკითხს, თუ რატომ ნუტრიციოლოგია: 
სტუდენტობის პირველ წლებში რეანიმატოლოგიისკენ ვიხრებოდაი. თუმცა, რაც მეტს ვსწავლობდი, ვხვდებოდი, რომ ჯანსაღი კვება აუცილებელი და უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ნებისმიერი დაავადების საპრევენციოდ. 21-ე საუკუნეში გამწვავებული ქრონიკული დაავადებები აღარ უნდა არსებობდეს. დღეს ადამიანს სწორი ინფორმაციის მიღების მეტი საშუალება აქვს. არსებობს მყარი არგუმენტები, რომ ნებისმიერი დაავადების მთავარი პრევენცია ჯანსაღი კვებაა. ადამიანს კვებით შეუძლია დააგროვოს კაპიტალი, რის ხარჯზეც დიდხანს და ჯანმრთელად იცხოვრებს. ამიტომ ჩემი თავი, როგორც პროფესიონალი, სწორედ აქ - ნუტრიციოლოგიაში დავინახე.

მახსოვს, როდესაც უჯრედს ვსწავლობდი, აღმოვაჩინე, რომ ის ძალიან ჰგავს სამყაროს და თუკი ადამიანები ამ უჯრედებისგან ვართ ნაშენი, თავად უჯრედი ჩვენს მიერ მიღებული საკვებისგან შენდება. ჩვენი ყოველდღიური რაციონის თითოეული ულუფა საბოლოოდ ჩვენივე უჯრედის საშენი მასალა ხდება. მაშინ მივხვდი, რომ სწორედ ეს სპეციალობა უნდა ყოფილიყო ჩემი არჩევანი.

###

მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა და მთელი ამ ხნის განმავლობაში, უამრავ პაციენტთან მიწევს ურთიერთობა - მოსკოვში, შემდეგ თბილისში... ჩემი თითოეული პაციენტის ისტორია, პრობლემა და საჭიროება უნიკალურია; შესაბამისად, ჩემი მიდგომებიც - სრულებით ინდივიდუალური.

წლების განმავლობაში, როგორც ნუტრიციოლოგმა, უამრავი აღმოჩენა გავაკეთე; მივხვდი, რომ იმ სფეროში მიწევს მუშაობა, სადაც სასურველი შედეგის მისაღებად მხოლოდ თეორიული ცოდნა არ კმარა; სადაც მუშაობის კლასიკურ ჩარჩოებში ვერასოდეს ჯდები; სადაც სასურველი შედეგის მისაღებად, მუდმივად ბეწვის ხიდზე გავლა გიწევს, რადგან პაციენტს განწყობის მიხედვით, შეიძლება მოტივაცია გაუღრმავდეს ან პირიქით, შეუსუსტდეს.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ დღეს  ნუტრიციოლოგიაზე, ჯანსაღ კვებაზე და ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესზე  გაცილებით ბევრს საუბრობენ, ვიდრე გუშინ. - ამ თემებით მეტი ადამიანი ინტერესდება; ბევრი აღიქვამს, რომ ეს ჯანმრთელობისა და სილამაზის შენარჩუნების, უამრავი დაავადების პრევენციის საუკეთესო გზაა.  აშკარაა, რომ თანამოაზრეების წრე უფრო და უფრო ფართოვდება.

ეს კი პრობლემის  დაძლევის კარგი დასაწყისია.



გაზიარება:

CONVERSATION

0 comments:

Post a Comment