image2 image1 image3 image4 image5 image5

ნუ დაზოგავთ დროს ჯანმრთელობის ხარჯზე|ჩვენ ის ვართ, რითიც ვიკვებებით|ნუ ებრძვი საკუთარ სხეულს, - შეიყვარე ის!|რომ მიაღწიო, უნდა დაიჯერო

ჩემი ლაბორატორია

სასარგებლო და გემრიელი ერთად!



მსურს ჩემს მკითხველს ერთი საინტერესო სიახლე გავუზიარო.  ყოველ შემთხვევაში, იმედი მაქვს, რომ ჯანსაღი კვებით დაინტერესებული ადამიანებისთვის ჩემი ეს წამოწყება საინტერესო აღმოჩნდება. 




შევქმენი ჯანსაღი კვების  ლაბორატორია, სადაც ყველასათვის საყვარელ კერძებს, მიმზიდველ რეცეპტებს ნუტრიციოლოგის თვალით ვუყურებ; მათში ყველა ის საჭირო კორექცია შემაქვს, რაც კონკრეტულ კერძს გააჯანსაღებს და თან სასიამოვნო გემოსაც შეუნარჩუნებს. გარდა ამისა, ვცდილობ, თითოეულ ამგვარ რეცეპტს შევმატო ის ინგრედიენტები, რომლებსაც დღეს ნაკლებად ვიყენებთ, მაგრამ სინამდვილეში ძალიან სასარგებლო, გემრიელი და, ამავე დროს, ჩვენს ბაზარზეც ხელმისაწვდომია. შემდეგ კი მიღებული  რეცეპტის მიხედვით, მხოლოდ ჯანსაღი პროდუქტებით და სწორი ტექნოლოგიებით, ვამზადებ შერჩეულ კერძს. ეს არის ექსპერიმენტების მთელი წყება, რომელიც საკმაოდ შრომატევადი პროცესია. თუმცა, მიმაჩნია, რომ ღირს გარჯად, რადგან ამით ყველა იმ ადამიანს ვუწევ სამსახურს, რომლებიც მუდმივად გემრიელისა და სასარგებლოს შეხამების დილემის წინაშე დგანან.

რატომ გადავწყვიტე ჯანსაღი კვების  ლაბორატორიის შექმნა:

დღიდან ჩემი საქმიანობის დაწყებისა, ჩემივე პაციენტების მხრიდან ცხადად ვხედავ მოლოდინს, რომ დიეტის დროს საკვები აუცილებლად ერთფეროვანი, ნაკლებად მიმზიდველი, უგემური უნდა იყოს და მის მომზადებას მცირე ძალისხმევა უნდა სჭირდებოდეს.
სინამდვილეში კი მე იმის მომხრე ვარ, რომ ჩემთან ვიზიტისას პაციენტმა გაითავისოს ერთი რამ – მან კვების მოდელი მთლიანად უნდა შეცვალოს; დიეტა ცხოვრების ერთ მოკლე ეპიზოდად არ უნდა დარჩეს. ჯანსაღი კვების რაციონი აუცილებლად გემრიელი და მრავალფეროვანი უნდა იყოს.
თუმცა, მხოლოდ ცარიელი ფრაზები არაფერია. მინდოდა, რაიმე ხელშესახები შემეთავაზებინა ყველასთვის, ვისაც ჯანსაღი კვება აინტერესებს და სურს, ის ცხოვრების წესად გაიხადოს.

ასე მივედი ჩემი ლაბორატორიის იდეამდე...

მოგეხსენებათ, უამრავი რეცეპტი არსებობს და ინტერნეტში შეუზღუდავადაა ხელმისაწვდომი; თუმცა, ისინი ჯანსაღი კვების თვალსაზრისით დასახვეწია და წონაში კლების დროს  არ გამოდგება. მსგავსი რეცეპტების ადაპტირებულ ვერსიებს უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ ჩემივე ბლოგის მეშვეობით.
იმედი მაქვს, რომ თქვენც დაინტერესდებით და ამ ადაპტირებული რეცეპტების მიხედვით კვირაში თუნდაც ერთ დღეს გამონახავთ დროს ჯანსაღი საკვების მომზადებისთვის.
გარდა იმისა, რომ ეს თქვენს ჯანმრთელობას წაადგება და ფორმის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ, ამით ერთგვარ ოჯახურ ტრადიციას ჩამოაყალიბებთ, სადაც ოჯახის წევრები, მეგობრები, ახლობლები გაერთიანდებით და სასარგებლოსა და სასიამოვნოს ერთმანეთს შეუთავსებთ.
გამიხარდება, თუკი ჩემ მიერ რეკომენდებული რეცეპტით კერძებს მოამზადებთ და თქვენს აზრებს, რჩევებს, შენიშვნებს აქვე, სოციალურ ქსელში გამიზიარებთ. სიამოვნებით ჩავერთვები ამგვარ დისკუსიებში.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, კერძი აუცილებლად ჯანსაღი პროდუქტით უნდა იყოს მომზადებული. ამის საშუალება ჩვენს ბაზარზე უკვე გაჩნდა. გარდა ამისა, გამოიყენეთ პროდუქტის შერჩევის ნაცადი ხერხი – ნუ აირჩევთ დიდი ზომის, იდეალურად გლუვ და სიმეტრიული ფორმის ხილს და ბოსტნეულს. ასევე, მიაქციეთ ყურადღება რძის პროდუქტებზე მითითებულ შენახვის ვადას – გახსოვდეთ, ნატურალური საკვები თვეების განმავლობაში არ უნდა ინახებოდეს.

ერთი სიტყვით, შევთანხმდით: კვირაში ერთი დღე  საინტერესო კერძის რეცეპტს ვიღებ, ვუკეთებ ერთგვარ კორექციას – ჯანსაღი კვების წესებს ვარგებ ისე, რომ მაქსიმალურად შევუნარჩუნო მისი გემოსთვის დამახასიათებელი თვისებები და გიზიარებთ.
ყველას მოგიწოდებთ, შემომიერთდეთ; თვალი ადევნეთ ჩემს ექსპერიმენტებს; აქტიურად ჩაერთეთ ამ პროცესში და გამიზიარეთ თქვენი გამოცდილება თუ რჩევები.



გაზიარება:

CONVERSATION

1 comments:

  1. ძალიან საჭიროა ასეთი ლაბორატორია. სიამოვნებით მივადევნებ თვალს და მოვამზადებ ხოლმე კერძებს. წარმატებები ნატას ��

    ReplyDelete